Tuesday, April 3, 2012

საინტერესო ფაქტები



ძველი ეგვიფტე ფარაონ ჯოსერის დროიდან გაჩნდა საფეხუროვანი პირამიდები, ხოლო დროთა განმავლობაში საფეხუროვანი ფორმა სწორმა კედელმა შეცვალა. შემორჩენილია 100-მდე პირამიდა. მათ შორის თავისი სიდიდით გამოირჩევა ფარაონ ხეოფსის პირამიდა, რომლის სიმაღლეც თავდაპირველად 147 მეტრს აღწევდა (ამჟამად დარჩენილია მხოლოდ 136 მ), მის მშენებლობაზე კი 100 000 მონა მუშაობდა მთელი 30 წლის განმავლობაში.

ძველ ეგვიპტეში დადგენილი იყო ადამიანის, მცენარისა თუ ცხოველის გამოსახვის წესები და კანონები. ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ეს კანონები მხატვარს, ერთი მხრივ, ეხმარებოდა ადვილად გამოესახა საგანი, მეორე მხრივ კი, ზღუდავდა მის შემოქმედებით შესაძლებლობებს.
ფარაონი ითვლებოდა ადამიანთა შორის უზენაეს არსებად. ამიტომ არ შეიძლებოდა მისი მიმსგავსება ჩვეულებრივი მოკვდავისათვის. რაგინდ უსახური, ხნიერი და დავრდომილი უნდა ყოფილიყო ფარაონი, ქანდაკება მას ძლიერ, ახოვან და მედიდურ მბრძანებლად წარმოაჩენდა. სახისათვის მეტი სიცოცხლის მისანიჭებლად, თვალებს ხშირად ძვირფასი ქვისას ან ბროლისასაც კი უკეთებდნენ, მაგრამ როდესაც ოსტატი ფარაონზე დაბლა მდგომთა გამოსახულებებზე მუშაობდა, იქ მეტი თავისუფლება ეძლეოდა და ისიც მეტ სიზუსტეს იცავდა.ძველი ეგვიპტის ხელოვნების ნიმუშების შესასწავლად საინტერესო მასალებს გვაწვდის სამარხების კედლების, სასახლეების, ტაძრების, საოჯახო ნივთების მოხატულობანი, ნახატები რელიეფებისათვის, პაპირუსებზე, აგრეთვე მრავალი ქანდაკება.ეგვიპტელები თავიანთ ნახატებსა და სკულპტურულ ნამუშევრებს ღებავდნენ წესის თანახმად, რომლის მიხედვითაც მამაკაცის სხეული იფარებოდა მოწითალო-მოყავისფრო, ხოლო ქალისა _ ყვითელი ფერით, ტანსაცმლისა და სამკაულის მრავალფეროვნების გადმოსაცემად იხმარებოდა თეთრი, შავი, ლურჯი, წითელი საღებავები.ძველი ეგვიპტელი მხატვრის ამოცანაში არ შედიოდა ცხოვრების რეალურად გამოსახვა. დედამიწაზე ცხოვრებას ეგვიპტელები აღიქვამდნენ როგორც დროებით ყოფას. მათივე წარმოდგენით, ძირითადი არსებობა იწყებოდა სიკვდილის შემდეგ. ამიტომაც იყო, რომ ფარაონი სიცოცხლეშივე იწყებდა საკუთარი სამარხის შენებას, რომელიც მხატვარს უნდა მოეხატა მისი დიდებულების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ნახატი, კედლის მხატვრობა თუ რელიეფი წარმოადგენდა მნახველისათვის არა ცხოვრებისეულ სურათს, არამედ თავისებურ წიგნს, რომელიც დაინტერესებულ პირს უამბობდა ფარაონის საქმიანობაზე, იმ ცნობილ მოვლენებზე, რომელიც ხდებოდა ქვეყანაში მისი ზეობის ხანაში. რამდენადაც გამოსახულებებს არ შეეძლოთ ეს ყველაფერი გადმოეცათ ზედმიწევნით სრულიად, კედლებზე, ნახატების გვერდით, მოცემული იყო იეროგლიფები, რომელიც ავსებდა გამოსახულებებს დამატებითი ინფორმაციით, რითაც იგი უფრო დაწვრილებით ხასიათს იძენდა.ეგვიპტური ხელოვნება განსაკუთრებით გაიფურჩქნა ძვ.წ. აღ-მდე IV საუკუნეში ფარაონ ეხნატონის დროს. ამ პერიოდის ხელოვნების ნიმუშებში წინა პლანზე წამოიწია რეალურმა სამყარომ. იმ პერიოდის სხვადასხვა ნაწარმოებებს შორის შეიქმნა ფარაონის მეუღლის ნეფერტიტისა და მისი ქალიშვილის განუმეორებელი გამოსახულებები.1887 წელს ეგვიპტეში სამარხების გათხრისას აღმოაჩინეს 400-მდე პორტრეტი, რომელთაც ფაიუმის პორტრეტები ეწოდა. ეს ნამუშევრები შესანიშნავადაა შენახული, მათზე მუშაობისას გამოყენებული ყოფილა შეზავებული საღებავები. პორტრეტებში არა მარტო სრულადაა გადმოცემული მსგავსება, არამედ გამოკვეთილია ადამიანის ხასიათიც. მსოფლიო ხელოვნებაში ფაიუმის პორტრეტები დაზგური პორტრეტების პირველ დამოუკიდებელ ნიმუშებადაა მიჩნეული.





ძველი საბერძნეთის ხელოვნება. მსოფლიო კულტურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ძველ საბერძნეთს.
ძველი ბერძნები ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული, ხალისითა და სიცოცხლით სავსე ხალხი იყო. მათ უყვარდათ თეატრი, მუსიკა, სპორტი, ქმნიდნენ შესანიშნავ ლეგენდებს ღმერთებსა და გმირებზე, თხზავდნენ მითებს. მათ ააგეს მსოფლიოში პირველი თეატრები, შექმნეს ეპიკური ნაწარმოებები, არქიტექტურის, ქანდაკების შესანიშნავი ნიმუშები. სამწუხაროდ, ფერწერულმა ნამუშევრებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია.ბერძნული კულტურის მწვერვალია პართენონი _ ქალღმერთ ათენას ტაძარი (ძვ.წ.V ს.), რომელიც აღმართულია ათენში, საბერძნეთის ულამაზეს დედაქალაქში, ამასთან, ბერძნული ტაძრების უმრავლესობის მსგავსად, აღმართულია ქალაქის ამაღლებულ და გამაგრებულ ნაწილში _ აკროპოლისზე. თეთრი მარმარილოს სილუეტი, გარშემორტყმული დორიული სვეტებით, ამაღლებულ განწყობილებას ქმნის, რასაც ხელს უწყობს ტაძრის შემადგენელ ნაწილთა განსაკუთრებული რიტმულობა და გენიალური თანხმიერება.ძველი ბერძნული ქანდაკების საუკეთესო ნიმუშია `ბადროს მტყორცნელი~ (ძვ.წ. V ს.). მისმა ავტორმა _ მოქანდაკე მირონმა გამოსახა მშვენიერი ჭაბუკი იმ მომენტში, როცა იგი მძიმე დისკოს ტყორცნისათვის ემზადება. მისი ამოძრავებული, დინამიკური სხეული მოხრილია და შეკუმშული ზამბარასავით დაძაბული.ძველი დროის უდიდეს მოქანდაკედ ბერძნებს მიაჩნდათ ფიდიასი, რომელმაც მარმარილოს ქანდაკებებით დაამშვენა პართენონი. პართენო-ნის ქანდაკებები შემდგომში ძალზე დაზიანდა. მათ შორის, ფიდიასის ყველაზე ცნობილი ქალღმერთ ათენას ზღაპრული სილამაზის ქანდაკება განადგურდა ჯერ კიდევ შორეულ წარსულში. ფიდიასს ეკუთვნის ზევსის ქანდაკებაც, რომელიც წარმოადგენს ოქროს ტახტზე მჯდომი ზევსის უზარმაზარ, 14-მეტრიან გამოსახულებას. ზევსს თავს უმკობდა ზეთისხილის რტოებისაგან დაწნული გვირგვინი. სახე, მხრები, ხელები, მკერდი სპილოს ძვლისა ჰქონდა, მარცხენა მხარზე მოგდებული მოსასხამი, გვირგვინი და წვერი კი _ მოელვარე ოქროსი. ეს ქანდაკება შევიდა სამყაროს შვიდ საოცრებათა რიცხვში. ზევსის ქანდაკებამ იარსება 900 წლის განმავლობაში, შემდეგ კი განადგურდა დიდი ხანძრის დროს.მსოფლიო ხელოვნების ისტორიაში თითოეულ პერიოდს თავისებური ღირებულება აქვს. ისტორიკოსები შემთხვევით არ ანიჭებენ ანტიკურ კულტურას განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ამ ეპოქის ლიტერატურა, სახვითი ხელოვნება, დრამატურგია, ფილოსოფია ამოსავალ წერტილად იქცა მთელი შემდგომი კულტურული სამყაროსათვის, რის გარეშეც ვერ იარსებებდა თანამედროვე ცივილიზაცია.






ძველი რომის ხელოვნება. დრო უძლური აღმოჩნდა ძველ რომაელთა ნაგებობების მიმართაც, პირველ რიგში ეს ეხება კოლიზეუმს ანუ `კოლოსეუმს~ (კოლოსალურს, უზარმაზარს), როგორც თვით რომაელები უწოდებდნენ. ეს გიგანტური ნაგებობა იტევდა 50 000-ზე მეტ მაყურებელს. აქ იმართებოდა საჩვენებელი სანახაობები, მათ შორის გლადიატორთა ბრძოლები, საცირკო წარმოდგენები. კოლოსალურ ელიფსს გარს ერტყა 240 უზარმაზარი თაღი და სამი იარუსი.
თაღებს შორის მოთავსებული იყო ნახევარსვეტები, თუ ათენის პართენონში სვეტი საყრდენს წარმოადგენდა, კოლოსეუმში ნახევარსვეტები მარტოოდენ დეკორაციას ასრულებდნენ. წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა თაღებში განლაგებული ასობით ქანდაკება, რომლებიც მოგვითხრობდნენ არა თავისუფალი ადამიანის სრულყოფილებაზე, როგორც ბერძნულ ქანდაკებებში, არამედ იმპერიის ძლევამოსილებაზე.კოლოსეუმის შორიახლო აგებულია უზარმაზარი თაღი _ იმპერატორ ტიტუსის მიერ ქალაქ იერუსალიმის დაპყრობის აღსანიშნავად აღმართული ძეგლი, რომლის მარმარილოს რელიეფებზეც გამოსახულია სადღესასწაულო მსვლელობის სცენები.რომის ხელოვნების ერთ-ერთ მიღწევად ითვლება სკულპტურული პორტრეტები, რომლებიც ზუსტად გამოსახავდნენ ადამიანთა ხასიათებს. მეტი გამომსახველობისათვის რომაელი მოქანდაკეები თვალის ფოსოებში ათავსებდნენ მთის ბროლის ნატეხებს. რომაელებამდე ამ ხერხით არავის უსარგებლია.რომაელებმა თავიანთი სიტყვა თქვეს ფერწერაშიც, მათი არქიტექტურული ძეგლები კი გვაოცებენ გრანდიოზულობითა და მაღალი, ნატიფი ოსტატობით.





ბაბილონისა და ასურეთის ხელოვნება. XIX საუკუნეში შუამდინარეთში მიმდინარე გათხრებისას აღმოჩენილ იქნა ცალკეული შენობებისა და მთელი ქალაქების ნაშთები, ქანდაკებები, რელიეფები, სხვადასხვა საგნები, იარაღი, რაც, როგორც მეცნიერებმა აღნიშნეს, წარმოადგენდა იმ კულტურის ნაწილს, რომელიც უძველეს ხანაში შეიქმნა შუამდინარეთში. შუამდინარეთის სამხრეთით ძვ.წ. II ათასწლეულში წარმოიშვა ბაბილონის სამეფო, ჩრდილოეთით კი არსებობდა მეორე მონათმფლობელური სახელმწიფო _ ასურეთი. ბაბილონისა და ასურეთის მრავალ არქიტექტურულ და სკულპტურულ ძეგლზე ჩანს საღებავების ლაქები. მოპირკეთებული შენობის მოჭიქულმა აგურებმა დღემდე შეინარჩუნეს ფერთა სიხასხასე. მეფეთა სამარხების გათხრისას აღმოჩენილ იქნა სიძველის ნაკვალევი _ ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები _ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები. ყურადღებას იპყრობს პოემა მეფე გილგამეშის გმირობაზე, რომელიც განფენილია თიხის 12 დაფაზე ლურსმული დამწერლობით.
ბაბილონელი არქიტექტორების დიდ ხელოვნებაზე მეტყველებს დაკიდული ბაღების ნანგრევებიც, რომლებიც ამშვენებდნენ მეფე ნაბუქოდონოსორის სასახლეს. ეს ბაღები მეფემ თავის უსაყვარლეს მეუღლეს გაუშენა, რომელიც წარმოშობით მთაგორიანი ქვეყნიდან ყოფილა. მეფეს სურდა მეუღლისათვის ბაბილონის ველებზე შეექმნა რაღაც მსგავსი მისი მშობლიური ტყიანი მთებისა. ბაბილონელებზე, რომელთათვისაც ტყე უცხო რამ იყო, ეს ბაღები წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენდა. ძველი ბერძნები დაკიდულ ბაღებს მიიჩნევდნენ ერთ-ერთ საოცრებად `სამყაროს შვიდ საოცრებათა~ შორის.არანაკლებ საინტერესო იყო ასურეთში გათხრების შედეგად აღმოჩენილი სამეფო სასახლეები, რომელთა შესასვლელებშიც იდგა ადამიანისთავიანი ფრთოსანი ხარის ქანდაკებები. განსაკუთრებულ მიმზიდველობას ანიჭებდა სასახლეებს სხვადასხვაფრად მოჭიქული აგურებით კედლების მოპირკეთება. ლურჯ, მოცისფრო ფონზე გამოსახული იყო თეთრი და ყვითელი ყვავილები, ხეები, ცხოველები. ხელოვნების ჭეშმარიტ ნიმუშებს კი წარმოადგენდა სასახლის კედლების რელიეფები ნადირობის სცენებით.





ინდოეთი ოდითგანვე განთქმული იყო უთვალავი ბუნებრივი სიმდიდრით, შესანიშნავი ხელოსნური ნაკეთობებით. შემორჩენილია ქვის ნაგებობები: ტაძრები, სამარხები, ცხოველთა ქანდაკებებით დამშვენებული კოლონები. ინდოეთში ქვის ქანდაკება არქიტექტურული მორთულობის ფუნქციას ასრულებდა. მათ უმეტესად რელიეფების სახით იყენებდნენ. გამოქანდაკებულ ადამიანთა მოძრაობები ძალიან გამომსახველი და ნატიფი იყო. აქ თავი იჩინა ცეკვის მაღალი ხელოვნების გავლენამ, რომელსაც ოდითგანვე ეთაყვანებოდა ინდოელი ხალხი. იშვიათად გვხვდება მრგვალი სკულპტურაც, რომლის ნიმუშებიც გათხრებისას აღმოაჩინეს.ინდოეთში უძველესი დროიდან (ძვ.წ. აღ-მდე III ს. მძლეთა მძლე აშოკას მეფობისას) დაიწყეს კლდეში გამოქვაბულებისა და ბერების სენაკების გამოკვეთა, ეს მომცრო შენობები ქვაში ნაკვეთ ხის ნაგებობებს მოგვაგონებენ.ბომბეისთან ახლოს მდებარეობს ყველაზე დიდი გამოქვაბული ინდოეთში. ესაა ბუდისტური ტაძარი, რომლის სიმაღლეცაა 38 მ. მოგრძო დარბაზი მძლავრი კოლონებით, სვეტებით, რომლებიც დაჩოქილ სპილოებზე მსხდარ წყვილთა სახითაა წარმოდგენილი, გამოკვეთილია მთლიანი კლდიდან დიდი ოსტატობით, არქიტექტორისა და სკულპტორის ერთიანი ჩანაფიქრის მიხედვით.ჩრდილო-დასავლეთ ინდოეთში მრავალი უმშვენიერესი ქანდაკებაა აღმოჩენილი, ესენია უმთავრესად ბუდისტურ ტაძრებსა და მონასტრებში დადგმული ქვისაგან გამოთლილი ბუდას ქანდაკებები, რომლებშიც თავს იჩენს ბერძნულ-რომაული ხელოვნების გავლენა. IV-VI საუკუნეები ინდოეთის უძველესი ხელოვნების აყვავების ხანაა. ამ პერიოდის ფერწერის შესანიშნავი ნიმუშები შემონახულია ტაძარ-გამოქვაბულებსა და მონასტრებში. ბომბეისთან ახლოს აღმოჩენილ იქნა 29 გამოქვაბული (II-IX სს. ძვ.წ.), რომელთა კედლები, ჭერი და კოლონები მოხატულია თქმულებებისა და ლეგენდების ეპიზოდებით, ყოფითი სცენებით ინდოეთის მკვიდრთა ყველა ფენის ცხოვრებიდან, ისტორიული მოვლენების ამსახველი სცენებით, მორთულია ქანდაკებებითა და ჩუქურთმებით. აქ დღესაც მრავალი დამთვალიერებელი ჩამოდის მსოფლიოს ყველა კუთხიდან.





ჩინეთი. ჩინური ხელოვნების სათავეები ათასწლეულთა მიღმაა. მისი კულტურის სიძველეზე მეტყველებს არა მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატები, თვით მიწაც, რომელზეც უხვადაა მიმოფანტული სიძველის ძეგლები. ჩინეთის ბევრ ქალაქში დღემდეა შემორჩენილი შუა საუკუნეების დროინდელი სასახლეები და ტაძრები, რომლებიც გარდასულ საუკუნეებზე მოგვიხრობენ.დიდებულთა სამარხებისათვის და იმქვეყნიურ ცხოვრებაში მოსახმარებლად მზადდებოდა ბრინჯაოს ნაირგვარი ჭურჭელი. გათხრებისას აღმოაჩინეს პატარა, მინიატურული და, მათთან ერთად, 600 კილოგრამიანი უშველებელი ფიალებიც კი, რომელთაც არაჩვეულებრივად დახვეწილი მოხატულობები აქვთ (დრაკონები, ზღაპრული პერსონაჟები...). ძვ.წ.აღ-ით I ათასწლეულში გაჩნდა აბრეშუმის გრაგნილებზე ტუშით დახატული სურათებიც.ფერწერის, არქიტექტურისა და მხატვრული ხელოსნობის აყვავების პერიოდში (VII-VIII სს.) ჩინეთის დიდ ქალაქებში თავმოყრილი იყო ბიბლიოთეკები და თეატრები, დიდებული სასახლეები და ტაძრები.შუა საუკუნეების ჩინეთის ტაძრებს, სასახლეთა მსგავსად, ხისგან აგებდნენ ანდა ქალაქიდან მოშორებით გამოკვეთავდნენ პირდაპირ კლდეში. ყველაზე ცნობილი გამოქვაბული-ტაძარი გახლავთ ციან-ფოდუნის ტაძარი (ათასი ბუდას გამოქვაბული), იგი რამდენიმე საუკუნის მანძილზე (IV-დან XIV-მდე) იქმნებოდა. თითოეული გამოქვაბულის კედლები და ქანდაკებები მოხატული იყო ნაზი და კაშკაშა მინერალური საღებავებით.ბუნებისადმი უდიდესი სიყვარულითაა გამსჭვალული ჩინური სურათი _ გრაგნილები, რომლებიც პეიზაჟური ფერწერის შესანიშნავ ნიმუშებს წარმოადგენენ. მთებსა და ჩანჩქერებს, წყლის სივრცეებს, შემოდგომის ტყის ხმაურის მოყურადე ირმების ჯოგს, ყველაფერს, რითაც განთქმული და გამორჩეულია ჩინეთის ბუნება, ფერმწერები გამოხატავდნენ აბრეშუმის ან ქაღალდის გრძელ გრაგნილებზე. მათ ერთხანს გაფენდნენ, შემდეგ კი ინახავდნენ, როგორც განძეულს. ხშირად გრაგნილებს წააწერდნენ ლექსებს, რის გამოც მათი შინაარსი მეტ პოეტურობას იძენდა. ეს პეიზაჟები ნათელი და საზეიმოა, დაწერილია მსუყე ლურჯი, მწვანე და თეთრი ფერის საღებავებით, ირგვლივ კი შემოვლებული აქვს ოქროს ზოლები.საინტერესოა, რომ ჩინელი ფერმწერები არასდროს ხატავდნენ პეიზაჟებს პირდაპირ ნატურიდან. ისინი განუწყვეტლივ აკვირდებოდნენ ბუნებას, სწავლობდნენ მას, ავარჯიშებდნენ მხედველობით მეხსიერებას და პეიზაჟს სწორედ მეხსიერებით აღადგენდნენ.ჩინეთი ცნობილი იყო აგრეთვე კერამიკის, ფაიფურის, ქვის, ხის ნივთების ოსტატური ნახელავებით. საოცარ შთაბეჭდილებას ახდენს შუა საუკუნეებში დამუშავებული თოვლივით თეთრი ფაიფურის ჭურჭელი ყვავილების ულამაზესი მოხატულობებით.იაპონია. ძალზე დიდხანს ძველი იაპონიის ხელოვნების შესახებ არაფერი იყო ცნობილი, მხოლოდ XX საუკუნის დასაწყისში ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში არქეოლოგებმა აღმოაჩინეს ძეგლები, რომლებიც შორეულ წარსულს მიეკუთვნებოდა. ძველ სამარხებში აღმოაჩინეს ადამიანთა თიხის გამოსახულებები, ცხოველთა ქანდაკებები, სასმისები, სამკაულები.






მოზაიკა მოზაიკური გამოსახულების მისაღებად, სხვადასხვა გეომეტრიული ფორმის მასალას ამაგრებენ კირის, ცემენტის ხსნარზე და ან სანთლის ფენაზე. არსებობს მოზაიკის აწყობის 2 ხერხი:"პირდაპირი", როცა მასალა უშუალოდ მაგრდება მისთვის განკუთვნილ ზედაპირზე, და "არაპირდაპირი", როცა მას ჯერ მუყაოზე, ქსოვილსა და სხვა მაგარ ნივთიერებაზე აწყობენ და შემდეგ გადააქვთ კონკრეტულ ადგილას. მოზაიკის მასალა, როგორც წესი, მყარი და გამძლეა. სწორედ ეს ფიზიკური მახასიათებლები ანიჭებს მას განსაკუთრებულობას.
მოზაიკის ხელოვნება  4 000 წელზე მეტ ხანს ითვლის, როდესაც დეკორატიულ ფიგურებს თიხის ნატეხებით გამოსახავდნენ ფონზე. ძვ. წ.-ით VIII საუკუნისთვის უკვე არსებობდა მოკირწყლული ბილიკები, რომლებიც სხვადასხვა ფერის კენჭებით   იყო გაფორმებული.  თუმცა, ეს უფრო არასტრუქტურირებული დეკორაციები იყო.
უძველესია სხვადასხვა ფერის თიხის წრეებისგან დამზადებული მოზაიკა (შუამდინარეთის ტაძრები, ძვ. წ. III ათასწლეულში).  ძვ.წ. IV საუკუნეში, ბერძნებმა კენჭებით გაფორმებას ხელოვნების სახე მისცეს და ზუსტი გეომეტრიული ფიგურების,  ცხოვრებისეული სცენებისა და ცხოველების გამოსახვა დაიწყეს.
ძვ. წ. 200 წლისთვის, სპეციალური  ნაწილების (ტესერების) დამზადებისას, განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდნენ ნამუშევრის  დეტალებსა და ფერთა სპექტრს.  პატარა ტესერებით, რომლებიც ზოგჯერ, სულ რაღაც, რამდენიმე მილიმეტრი იყო, ნახატების ასლებს აკეთებდნენ. მოზაიკის ბევრი ნიმუში დრომ შემოგვინახა, მაგალითად, პომპეის მოზაიკები ბერძენ ხელოვანთა ოსტატობას გვიჩვენებს. პომპეის მოზაიკაზე წარმოდგენილია ზღვის ღმერთი ნეპტუნი და ამფიტრიტე. იგი ჰერკულანიუმში, იტალიაში ინახება. კედლის მოზაიკაში გამოყენებულია მინის ნატეხები, რაც ფერებს მეტ სიცხოველეს ანიჭებს.   იატაკის მოზაიკის დეტალებს  მარმარილოს ან სხვა ქვებისგან ამზადებდნენ, ზოგჯერ თიხის ნატეხებს ან აგურსაც იყენებდნენ შესაბამისი ფერების მისაღებად. გრეხილებისგან შემდგარი ჩარჩოს ეფექტს გილოშებს უწოდებდნენ.
რომის იმპერიის გაფართოებასთან ერთად, მოზაიკის ხელოვნება კიდევ უფრო განვითარდა, მაგრამ ოსტატობის დონე და მანერა დაკნინდა.  თუ  რომაული მოზაიკის  ნიმუშებს იტალიურს შევადარებთ, დავინახავთ, რომ გაფორმების თვალსაზრისით, პირველი უფრო მარტივი და ტექნიკურად ნაკლებ დახვეწილია. რომაული  მხატვრობის ძირითადი თემატიკა იყო სცენები ღმერთებისა და ადამიანების  ცხოვრებიდან, აგრეთვე,  გეომეტრიული ფიგურები.

რომაელები მოზაიკას იატაკის გასაფორმებლად იყენებდნენ, ბიზანტიელები - კედლებისა და ჭერის.   სმალტში ხსნარს არ ასხამდნენ, რაც განაპირობებდა მინაში შუქის გარდატეხას. ამასთანავე, მოზაიკას პატარა კუთხეებში სვამდნენ, ოქროს ტესერები კი შენობის სხვადასხვა მხრიდან სხვადასხვაგვარად ბრწყინავდა. ბიზანტიურ ნამუშევრებში, რომაული  გამოსახულებები  ტიპურ ქრიტიანული თემებს შეერწყა, თუმცა, ზოგიერთი ნიმუში იმპერატორებსა და მათ მეუღლეებს ასახავდა. მოზაიკის საუკეთესო ნიმუშებს ვხვდებით რეავენაში, ვენეციაში და სტამბოლში.

VIII საუკუნეში  დასავლეთ ევროპაში, პირინეის ნახევარკუნძულზე მავრებმა შემოიტანეს ისლამური მოზაიკისა და ფილების ოსტატობა. ამავე პერიოდში,
აღმოსავლურ ქვეყნებში მოზაიკისთვის გამოიყენებოდა ქვა, მინა და კერამიკა. ბიზანტიური მხატვრული მოზაიკისგან განსხვავებით, აღმოსავლური მოზაიკის  გამოსახულებები, ძირითადად, გემოტრიული ან მათემატიკურია. მოზაიკის ბრწყინვალე ნიმუშებია კორდობას დიდ მეჩეთსა და ალამბრას სასახლეში. არაბულ ქვეყნებში ჩამოყალიბდა განსაკუთრებული  დეკორატიული სტილი  ზილიჟი -  ფორმები კერამიკისგან ხელით მზადდებოდა, რათა უკეთესად შერწყმოდა ერთმანეთს და კარგად დაეფარა ზედაპირი.  
ევროპის მრავალ ქვეყანაში, მოზაიკის ხელოვნება მთელი შუა საუკუნეების განმავლობაში დაქვეითდა. თუმცა, ფილების სულ უფრო მზარდმა წარმოებამ განაპირობა მოზაიკური ნამუშევრების გამოყენება სააბატოებსა და სხვა მნიშვნელოვან რელიგიურ დაწესებულებებში, მაგალითად, ელის კათედრალის სამრეკლოს გაფორმება (1320 წ.);  სამრეკლოს იატაკზე დეტალებისგან შესრულებულია ადამისა და ეევას გამოსახულება, ასევე, ერთმანეთთან შერწყმული გამოსახულებები, აქვე გამოყენებულია მოზაიკის სხვა ტექნოლოგიები, მათ შორის ფსევდო მოზაიკა (მოზაიკის დეტალებს ცალკე არ ამზადებენ და კენჭებს პირდაპირ სვამენ ფონზე მოზაიკის ეფექტის მისაღებად) და ოპუს სექტილი (ერთ მთლიან ფონს გამოსახულების მისაღებად დეტალებად ყოფენ). მოზაიკამ მაღალ განვითარებას მიაღწია იტალიაში, საქართველოსა და ძველ რუსეთში. XVI საუკუნეში, იტალიაში შენობათა ინტერიერსა და ავეჯს რთავდნენ გახეხილი ფერადი ქვებით აწყობილი, ე.წ. ფლორენციული მინით.

XIX საუკუნეში, მოზაიკისადმი ინტერესი გაიზარდა, განსაკუთრებით, ბიზანტიური სტილისადმი. ამის მაგალითია  ლონდონში ვესტმინსტერის კათედრალისა და პარიზში  საკრე-კეორის ტაძრის გაფორმება. ბრიტანეთში,  ვიქტორიანულ ეპოქაში მოზიკის ხელოვნება აღორძინდა, რაც განაპირობა ქვეყანაში მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებამ და კერძო თუ საზოგადოებრივი შენობების რიცხვის ზრდამ. ფილების მასობრივად წარმოებამ, თავის მხრივ,  გაზარდა მოთხოვნა  იატაკის დეკორატიულ გაფორმებაზე. არქიტექტურასა და დიზაინში  გოთიკური სტილის აღორძინებამ  კვლავ გამოიწვია შუასაუკუნეების თემატიკისადმი ინტერესი. მოზაიკის განვითარებაზე დიდი გავლენა იქონია ანტონიო სალვიატიმ, რომლის სახელსაც უკავშირდება ვენეციური მინის ინდუსტრიის აყვავება. მან ძველი ვენეციური ტექნოლოგიით დაიწყო მოზაიკის დამზადება ვიქტორიანული ეპოქის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
მოზაიკას  ასევე განსაკუთრებული ადგილი უჭირავს არტ-ნუვოს მიმდინარეობაში. XX საუკუნის პირველ ნახევარში, ბარსელონაში, გუელის პარკში  ანტონიო გაუდიმ და ხოსე მარია ჟუჟოლმა მთელი ბაღი მორთეს ულამაზესი  მოზაიკით. მოზაიკის ამ ტექნიკას ტრენცადისი ეწოდება და ითვალისწინებს დეტალებით შენობის ზედაპირის მოპირკეთებას. არქიტექტორებმა ჭურჭლის ნამტვრევები და სხვა საგნების დეტალებიც გამოიყენეს დეკორაციისთვის, რაც ხელოვნებაში  გადატრიალებად ჩაითვალა.







ქართული ილუსტრაცია საქართველოში ილუსტრაცია ხელნაწერის გაფორმებასთან იყო დაკავშირებული,. ადრინდელიილუსტრაციები გამოირჩეოდა ფაქიზი კოლორიტითხაზგასმული დეკორატიულობითშესრულების მაღალიდონითაქ აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ბექა ოპიზარის მიერ შესრულებული წყაროსთვის სახარებისყდის მოჭედილობაწყაროსთავის სახარების ყდის ერთ მხარესვერცხლის მოჭედილობაზე (20 სმ x 17 სმ), "ვედრებისკომპოზიციაა გამოსახულიმეორეზე - "ჯვარცმისა". გლუვ ფონზე ფიგურები და კუთხეებისმცენარეული ორნამენტი მაღალი რელიეფითაა გადმოცემულიტახტზე მჯდომი ქრისტეს თავთან დაფეხებთან მოჭედილობის საერთო კომპოზიციასთან შერწყმულიჩარჩოშემოვლებული რელიეფურიასომთავრული წარწერებიარომელთა მიხედვით წყაროსთავის სახარების დამკვეთია ("... წერით დამოჭედით:") ტბეთის ეპისკოპოსი იოანე მტბევარიმაცხოვრისა და ღვთისმშობლის გამოსახულებათა შორისკი ასეთი წარწერაა: "ქრისტეშეიწყალე ოქრომჭედელი ბექაჲ ოპიზარი". ხელნაწერის ერთ-ერთი მინაწერისთანახმადეს სახარება გადაიწერა 1195, ყდის მოჭედვის თარიღიც იგივე ან მომდევნო წელი უნდა იყოს.

ქართული წიგნის გრაფიკი ფუძემდებელმა, გ. ტატიშვილმა დამოუკიდებლად შეისწავლა ქსილოგრაფიის ტექნიკა. აღსანიშნავია მის მიერ ილუსტრირებული იაკობ გოგებაშვილის დედა ენა  და ბუნების კარი.ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარება დაკავშირებულია ჟურნალების: კვალის, ნობათის, ჯეჯილის,ნაკადულის გამოცემასთან, სადაც მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი მხატვრები: მ. თოიძე, ა. მრევლიშვილი, ა. ბერიძე, შ. ქიქოძე და სხვები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰ. ჰრინევსკის ი. ჭავჭავაძის თხზულებათა ილუსტრაციები. მ.ზიჩის, ლ. გუდიაშვილის, ს. ქობულაძის, თ. აბაკელიას, ირ. თოიძის ვეფხისტყაოსნის ილუსტრაციები. 1920-იან წლებში საბოლოოდ ჩამოყალიბდა ქართული წიგნის ილუსტრაცია. დაინერგა ლითოგრაფია და ქსილოგრაფია (დ. ქუთათელაძე, ვ. ქუთათელაძე, ვ. კეშელავა). ილუსტრაციის დარგში ნაყოფიერად მოღვაწეობდნენ: ი. გაბაშვილი, ლ. გუდიაშვილი, შ. ცხადაძე, ზ. ნიჟარაძე, ა. ბანძელაძე, ლ. ცუცქირიძე, თ. მირზაშვილი, თ. ყუბანეიშვილი, ვ. ონიანი, გ. ოჩიაური,  ბ. ბერძენიშვილი, ზ. კაპანაძე და სხვები.

 XXI საუკუნის ქართულ ნამუშევრებს შორის განსაკუთრებულ ადგილს იკავებს რუსუდან ფეტვიაშვილის მიერ შესრულებული სახარების ილუსტრაციები, რომელიც მისი უწმიდესობისა და უნეტარესობის, სქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II –ის კურთხევით შესრულდა და წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ინახება.








კედლის მხატვრობა საქართველოში საქართველოში კედლის მხატვრობის უძველეს ნიმუშებს მიეკუთვნება ქსნის არმაზის ეკლესიის კანკელის (864 წ.) და თელოვანის ტაძრის (VIII-IX სს.) მოხატულობის ფრაგმენტები, დოდოს მონასტრის (დავითგარეჯა) ეკლესიის აფსიდში ქრისტესა და მთვარანგელოზების გამოსახულება (IX ს.). IX-X სს.  უნდა მიეკუთვნებოდეს მაცხოვრის ეკლესიის აფსიდის მოხატულობა სვანეთის სოფელ ნესგუნში. კედლის მხატვრობის განვითარების შემდეგი ეტაპი მოიცავს X ს. დასასრ. – XII ს. ს. შუა წ.წ. X-XI სს. მიჯნას. ადრეული პერიოდის ლაკონიური დეკორი, რაც მხოლოდ ტაძრის მთავარ ნაწილებს გამოყოფდა, ვრცელი მოხატულობით შეიცვალა; კედლის მხატვრობა სიუჟეტურადაც გამდიდრდა - ტრადიციულის გარდა, ხშირია ქტიტორთა და ადგილის წმინდანთა გამოსახულებები. ამ პერიოდიდან კედლის მხატვრობის რამდენიმე რეგიონული სკოლაა ცნობილი. X-XI სს. ტაო-კლარჯეთში შეიქმნა კედლის მხატვრობის მრავალი ნიმუში. ამათგან აღსანიშნავია ოთხთა ეკლესიის (X ს.დასასრ.), ოშკის (1936), იშხანის, ხახულის, ტბეთის (ყველა XI ს. დასაწყ.) და სხვათა მოხატულობა. ამავე სკოლის ოსტატთა მიერ უნდა იყოს შესრულებული კუმურდოს და მანგლისის (XI ს. 10-20 -იანი წწ.) კედლის მხატვრობა. კახეთში კედლის მხატვრობის სკოლა დავითგარეჯის მონასტერთან არის დაკავშირებული. ამ სკოლის კედლის მხატვრობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიმუშია უდაბნოს მონასტრის მთავარი ტაძრისა და სატრაპეზოს ფრესკები (XI ს.)[...]
კედლის მხატვრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია ატენის სიონის მოხატულობა; 1120-იან წლებს მიეკუთვნება გელათის მონასტრის მთავარი ტაძრის მოხატულობის უძველესი ნაწილი. კედლის მხატვრობის განვითარების შემდგომ ეტაპზე (XIIს.  II ნახ. -  XIII ს. I ნახ.)თანდათან ისახება ახალი ტენდენციები: საგრძნობლად იზრდება კომპოზიციისა და ნახატის დინამიკურობა, საერთო დეკორატიულობა (ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, ტიმოთესუბანი, ბერთუბანი). ამ დროის მოხატულობაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისტორიულ პირთა გამოსახულებები (გიორგიIII, თამარ მეფე, ლაშა გიორგი).  XIII ს. II ნახევარში კედლის მხატვრობა (უკვე მონღოლთა ბატონობის პერიოდში) ძირითადად ძვ. ტრადიციებს მიჰყვება, მაგრამ გაუხეშებული სახით.
XIII–XIV საუკუნეების მიჯნაზე იქმნება ე.წ. პალეოლოგიური სტილის ნაწარმოებები. ამ მხატვრობის უმნიშვნელოვანესი ნიმუშებია გელათის ტაძრის სამხრეთ  ეკვდერის აღმოსავლეთ ნაწილის (1290-იანი წწ.), აგრეთვე ხობის სამხრ.-დას. კამარის და ზარზმის ტაძრების მოხატულობა (XIII –XIV სს. მიჯნა)[... ]. XVI საუკუნის მხატვრობიდან აღსანიშნავია გელათის მთავარი ტაძრის ცენტრალური ნაწილის, გელათის წმ. გიორგის, სოფ. ტაბაკინისა და გეგუთის, რაჭისა და სვანეთის ტაძრების, აგრეთვე სამთავროს, ნეკრესის, გრემის, ახალი შუამთის, ალვანის, ნაწილობრივ ალავერდის და სხვ. მხატვრობა. კედლის მხატვრობის მრავალი ნიმუში შემოგვრჩა  XVII საუკუნიდან სვეტიცხოვლის, გელათის ღვთისმშობლისა და სხვა ეკლესიებში.
საქართველოში ქართული კედლის მხატვრობის აღორძინება დაიწყო XX საუკუნეში. აღსანიშნავია ლ.გუდიაშვილის,  ბ.ბერძენიშვილის, ე. ბერძენიშვილის, რ. თარხან-მოურავის, ნ.იგნატოვის, რ.სტურუას, ვ.ქოქიაშვილის, ლ.შენგელიას, ლ.ცუცქირიძის, უ. ჯაფარიძისა და სხვათა ნამუშევრები.

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის შენობის სარდაფში მოწყობილი რესტორანი "ქიმერიონი" პოეტთა, მწერალთა და მხატვართა თავშეყრის ადგილი იყო და მნიშვნელოვან როლს ასრულებდა XX ს-ის დასაწყისის თბილისის მხატვრულ ცხოვრებაში. იგი 1919 წელს მოხატეს მხატვრებმა: ლ. გუდიაშვილმა, დ. კაკაბაძემ, კ. ზდანევიჩმა და  ს. სუდეიკინმა.

კედლის მხატვრობის საინტერესო ნიმუშებია დაცული საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი, ყოფილი სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის ანუ ქართული ბანკის შენობაში. 1912 წელს ბანკის შენობის ასაგებად გამართული კონკურსის პირობაში მითითებული იყო, რომ ნაგებობა "ქართული სტილისა"  უნდა ყოფილიყო. ამ მოთხოვნის გათვალისწინებით პირველი პრემია მიენიჭა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტს. ორივე კონკურსანტი კარგად იცნობდა ქართულ შუასაუკუნოვან ხუროთმოძღვრებას. ( ანატოლი კალგინს ამ დროისთვის უკვე შესრულებული ჰქონდა ბოლნისის სიონისა და ტაო-კლარჯეთის რიგი ძეგლების ანაზომები, ასევე - ბანას რეკონსტრუქციის პროექტი; ჰენრიხ ჰრინევსკი კი კარგად იცნობდა ქართული ტაძრების მორთულობას. მან პირველმა დაასურათა ილია ჭავჭავაძის თხზულებები). ბიბლიოთეკის საფასადე დეკორი ნასესხებია X-XIII საუკუნეების  ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების ფასადთა შემკულობიდან. ხოლო ჩუქურთმების არაჩვეულებრივი კვეთა ეკუთვნის ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეებს. 

მრავალ ბურჯზე დაყრდნობილი ღრმა გალერეა-ლოჯია გუდიაშვილის ქუჩის მხარეს, ისევე როგორც გვერდითი გალერეა და კუთხეში აღმართული კოშკი, მოჩუქურთმებული სარკმლები და ორნამენტული რომბები, ნაგებობის ხასიათს განაპირობებს. აღსანიშნავია ინტერიერიც, ვესტიბიულისა და ყოფილი საოპერაციო დარმაზის (დღეს სამკითხველო დარბაზი) კამარათა მოხატულობა, ქვის მოაჯირის მოდერნის სტილისათვის დამახასიათებელი დენადი ფორმები და სხვ.  ნაგებობა ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივების გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილი ნიმუშია, რომელმაც დიდი როლი შეასრულა მომდევნო პერიოდის ქართული არქიტექტურის განვითარებაში.









რენესანსის ეპოქის კედლის მხატვრობა 

გვიანი შუასაუკუნეები და რენესანსის ეპოქა კედლის მხატვრობის აყვავების პერიოდი იყო. ამ დროს, კედლის მხატვრობის მრავალი შთამბეჭდავი ნიმუში შეიქმნა იტალიაში, სადაც ტაძრებისა და საზოგადოებრივი შენობების უმეტესობა ფრესკებით არის გაფორმებული. ჯოტოს, მაზაჩოს, პიერო დელა ფრანჩესკას, ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, რაფაელის და ამ პერიოდის სხვა ხელოვანთა მიერ შესრულებული ნამუშევრები დღესაც ანცვიფრებს მნახველს.იტალიელმა ოსტატებმა მიაღწიეს გამოსახულების დამაჯერებლობას, არქიტექტურისა და ფერწერის ორგანულ კავშირს.  გავიხსენოთ ჯოტოს ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევარი,სკროვენის კაპელის (იგივე არენას მხატვრობის კაპელაინტერიერის დეკორაცია პადუაში (1303-1310). კაპელა, რომელიც გარედან ვარდისფერი აგურით აშენებულ უბრალო შენობას წარმოადგენს, მიძღვნილია ხარებისადმი.

კედლის მხატვრობისა და არქიტექტურული მნიშვნელობის თვალსაზრისით, უნიკალური შენობაა სიქსტეს კაპელა (იტ.: Cappella Sistina), რომელიც ვატიკანში მდებარეობს. მართკუთხა ფორმის კაპელა ზომით სოლომონის ტაძრის ტოლია (40.93 X 13.41 ). მისი სიმაღლეა 20.70მ.არქიტექტურული პროექტი ეკუთვნის ბაკიო პონტელის, ხოლო სამშენებლო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ჯოვანი დე დოლჩი. ტაძარისიქსტუს IV-ის მითითებით 1473-81 წლებში აშენდა და სწორედ ამიტომ ეწოდა სიქსტეს კაპელა.იგი ქალწული მარიამის ამაღლებას მიეძღვნა.პირველი მესა 1483 წლის 9 აგვისტოს ჩატარდა.  სიქსტეს კაპელა ე.წ. რენესანსის ეპოქის სხვადასხვა მხატვარმა სხვადასხვა დროს მოხატა. კედლების ქვედა ნაწილი მოუხატავი იყო, აქ სადღესასწაულო დღეებში რაფაელის კარტონების (1515-16) მიხედვით შესრულებული ტილოებს გამოფენდნენ.  შენობის ამ ადგილს რაფაელის ოთახებსაც უწოდებენ. 1508-1512 წლებში, სიქსტეს კაპელას ჭერი მიქელანჯელომ მოხატა. ბრამანტემ და რაფაელმა დაარწმუნეს პაპი, რომ ამ სამუშაოს შესასრულებლად გენიალური ხელოვანი უნდა მოეწვიათ. ამ პერიოდში მიქელანჯელოს ხშირად ადარებდნენ რაფაელს, რომელიც ფრესკის საუკეთესო ოსტატად ითვლებოდა. მიქელანჯელოს არ იტაცებდა მსგავსი პაექრობები და საკმაოდ განიცდიდა ამ შედარებას.   

მიქელანჯელოს სიქსტის კაპელის ჭერში 12 მოციქული უნდა დაეხატა; მაგრამ, მას სთხოვეს, რომ კომპლექსური ხასიათის ნამუშევარი შეექმნა, რომელშიც წარმოდგენილი იქნებოდა: შესაქმე, ადამის დაცემა, წინასწარმეტყველთა მიერ ადამის გამოხსნა და ქრისტეს გენეალოგია. ეს ტაძრის მთელი დეკორაციის ნაწილი უნდა ყოფილიყო. კომპოზიცია 300-ზე მეტი ფიგურისგან შედგება და მის ცენტრში შესაქმის 9 ეპიზოდია.  ეს ეპიზოდები სამ ჯგუფად არის გადმოცემული: ღმერთის მიერ სამყაროს შექმნა, ღმერთის მიერ ადამიანის შექმნა და სამოთხიდან განდევნა; სულ ბოლოს  წარმოდგენილია კაცობრიობის ხსნა წარღვნისგან -  ნოე და მისი ოჯახი.  გრანდიზული სამუშაოს დასრულებიდან ორი ათეული წლის შემდეგ, 1536-41 წელს,  მიქელანჯელომ მოხატა აგრეთვე საკურთხევლის კედელი.
რენესანსის პერიოდის კიდევ ერთი უნიკალური ნიმუშია ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო სერობა ( იტ.: Il Cenacolo or L'Ultima Cena). ეს სურათი 1495–1498 წლებში შეიქმნა მილანში, ღვთისმშობლის სახელობის   ეკლესიაში (Santa Maria delle Grazie). ლეონარდო და ვინჩმა იგი თავის პატრონს, ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცასა და მის მეუღლე ბეატრისს მიუძღვნა. ავტორმა მისი დახატვისას არ გაითვალისწინა ფრესკის მეთოდები და ტემპერით პირდაპირ კედელზე დახატა, რის გამოც, სურათმა ერთი საუკუნეც ვერ გაძლო. სურათს რესტავრაცია მხოლოდ XX საუკუნეში ჩაუტარდა, მასზე 21 წელი მუშაობდნენ და 1999 წლის 28 მაისს დააბრუნეს ტაძარში. უსაფრთხოების მიზნით, მნახველები წინასწარ უნდა ჩაეწერონ, ხოლო სურათის დათვალიერების უფლება მხოლოდ 15 წუთით აქვთ.  მიუხედავად ამისა, ლეონარდო და ვინჩის „საიდუმლო სერობის“ რეპროდუქციები დღემდე უთვალავი რაოდენობით მზადდება. 
რაც შეეხება კერძო შენობებს, რენესანსის ეპოქის საცხოვრებელი სახლების კედლის მხატვრობა ხშირად შეიცავს ისეთ გამოსახულებებს, რომლებიც ამბავს მოგვითხრობს ან იდეოლოგიური დატვირთვა აქვთ. არქიტექტურული თვალსაზრისით, ფიგურები და გაფორმება სივრცის ილუზიას ქმნის. ზოგჯერ არა მხოლოდ კედლები, არამედ შენობის ჭერიც ხელოვნების ნიმუშს წარმოადგენს. კედლის მხატვრობის ნიმუშები იმ მხრივაც არის საინტერესო, რომ არა მხოლოდ ხელოვანის, არამედ დამკვეთთა გემოვნებასაც გვაცნობს.   მუხედავად იმისა, რომ ბევრია კარგი მხატვარი, ძალზე ცოტას თუ შეუძლია ნახატი მცირე ზომის ტილოებიდან დიდი მასშტაბის ფონზე გადაიტანოს.  იტალიური კედლის მხატვრობა ამ მაღალი ოსტატობის საუკეთესო მაგალითია.
XVI – XVII საუკუნეებში, ევროპის ბაროკოს ხელოვნებაში კედლის მხატვრობამ დეკორატიული ხასიათი მიიღო. შენობებში კედლის მხატვრობა თანდათან შეცვალა სარკეებმა, შპალერმა და სხვადასხვა მორთულობებმა.  ხატავდნენ უმთავრესად ჭერზე (პლაფონი). კლასიციზმის ეპოქის (XVIIIს.-XIXს. დასაწყ.) კედლის მხატვრობაში ჭარბობდა არქიტექტურული ფორმები, ქანდაკება და პეიზაჟი. XIX ს.-ში შეიმჩნევა კედლის თემატური მხატვრობის აღდგენის ცდა, აგრეთვე გავრცელდასილიკატური ფერწერა. ზოგჯერ კედლის მხატვრობას პირობითად მიაკუთვნებენ მოზაიკას. XIXს. -ის დასასრულიდან, კედლის მხატვრობაში ფორმალისტური ტენდენციები გაჩნდა, თუმცა, სხვადასხვა ქვეყანაში შეიქმნა იდეოლოგიური შინაარსის მოხატულობები (მაგ.:პრაღის ეროვნული თეატრის კედლის მხატვრობა, მხატვრები მ.ალეში, ფ. ჟენიშეკი და სხვ.).